
კოკოითი ქართული პოლიციის ქმედებებზე კომენტარს აკეთებს
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოთმა დაგმო 27 მაისს კონფლიქტის ზონაში ქართველი სამართალდამცავების მიერ ათობით ეთნიკური ოსის დაკავება და შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
“ჩვენ ყველანი მოწმე გავხდით [ქართველი სამართალდამცავების მიერ] კარგად დაგეგმილი აქციის. აშშ–ს ხელმძღვანელობით საქართველო კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. ეს ყველაფერი კი მიმართულია როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს და ამავე დროს შევინარჩუნოთ მაღალი სამხედრო მზადყოფნა“, – განაცხადა 28 მაისს კოკოითმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ხელში არ ჩაუვარდეთ ქართულ ქვედანაყოფებს, რომლებიც აქ არაკანონიერად მოქმედებენ. ეს დავალება ეხება ყველას: დააკავეთ ყველა ვინც იმყოფება კონფლიქტის ზონაში მანდატის გარეშე, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ადგილზე გაანადგურეთ ისინი. ჩვენ ომი არ გვჭირდება, ეს სჭირდება სააკაშვილს, ოქრუაშვილს და მისთანებს, რადგან მათ ამოწურეს თავიანთი თავი, როგორც პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, გადაკიდონ ოსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს და სისხლზე დამყარებული პოლიტიკა აწარმოონ“, – განაცხადა კოკოითმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსურმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უნდა უზრუნველყონ იმ ქართველების უსაფრთხოებაც, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ.
კოკოთმა ასევე დაგმო თბილისის უარი ხელი მოაწეროს ომის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ უკვე უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები, წარადგინა რა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა.