
დაკავებათა სერიამ სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაძაბა
28 მაისს ქართველმა სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს 41 კაცი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 27 მაისს დააკავეს, სავარაუდოდ ქართული ვიზის არ ქონის მოტივით.
სამხრეთ ოსური მხარის მტკიცებით ქართველმა სამართალდამცველებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა, განახორციელეს ოსი ეროვნების ადამიანთა დაკავება სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ტრანსკავკასიური მაგისტრალის კეხვი–თამარაშენის მონაკვეთზე და ოსურ სოფელ ხელჩუაში. დაკავებულები გორის პოლიციაში გადაიყვანეს, იტყობინებოდა სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი. ამავე წყაროს ცნობით დაკავებულთა შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც დაკავებიდან ორი საათის შემდეგ გაანთავისუფლეს.
სხვადასხვა წყაროები დაკავებულთა რაოდენობას 40–დან 60–მდე ასახელებდნენ.
“დღეს ღამის ორ საათზე 41 მამაკაცი გაათავისუფლეს. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ გორის პოლიციაში მათ ემუქრებოდნენ, რომ ანალოგიური დაჭერები მომავალშიც გაგრძელდებაო”, – განუცხადა კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა სააგენტო “ინტერფაქს“ 28 მაისს.
ცხინვალის მტკიცებით სულ ცოტა 25 დაკავებული სასტიკად იყო ნაცემი.
ამასობაში, ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ ოსმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა რამოდენიმე ქართველი მამაკაცი დააკავეს და სასტიკად სცემეს. დაკავებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ ოსი მამაკაცების განთავისუფლება დაიწყო.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხაილ მინძაევმა მომხდარს “ვანდალური აქტი“ უწოდა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა კი განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ მეტყველებს ქართული მხარის რეალურ ზრახვებზე. “მომხდარი ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს რეალურად ოქრუაშვილი და მისთანები მართავენ”, – განუცხადა ჩოჩიევმა ჟურნალისტებს.
საქართველოს სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედს“ განუცხადა რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული ადამიანები ჩრდილოეთ ოსეთიდან მოდიოდნენ და მათ არ გააჩნდათ საქართველოს ვიზები, რაც კანონის დარღვევაა.