ახალი ამბები

მირონოვი: არ მივესალმებით საქართველოსა და უკრაინის დსთ–დან შესაძლო გამოსვლას

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი მიროვონმა 26 მაისს განაცხადა, რომ არავინ შეეხვეწება საქართველოს და უკრაინას დარჩეს დსთ–ში, თუ ამ ქვეყნების მთავრობები ორგანიზაციიდან გასვლაზე “სუვერენულ“ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 


“ჩვენ არ მივესალმებით ასეთ განზრახვას, საუბრებს და მითუმეტეს რეალურად ამის განხორციელებას“, – იუწყება “რია ნოვოსტი“ მირონოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ამასთან მირონოვი თბილისსა და კიევს, რომელთაც თავიანთი “მიდგომები და არგუმენტები“ აქვთ, მოუწოდებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი ზუსტად აწონ–დაწონონ.


“რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს იმედი ეკონომიკაში რაიმე სახის პრივილეგიების შენარჩუნებაზე, მათ შორის სოციალურ სფეროში“, –განაცხადა მირონოვმა და აქვე დასძინა, რომ დსთ–დან გასვლის გადაწყვეტილება “მტკივნეულად“ აისახება ამ ქვეყნების ეკონომიკებსა და მოქალაქეებზე.


საქართველოს პრეზიდენტმა დსთ–ს შესაძლო დატოვების შესახებ პირველი განცხადება 2 მაისს მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ქართული მცენარეული პროდუქციის, ღვინის და მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა.

Back to top button