ახალი ამბები

სიმონსი მიესალმება საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსმა 25 მაისს განაცხადა, რომ საქართველომ “მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განხორციელების კუთხით, როგორც ამას საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) ითვალისწინებს.


“არ დაგიმალავთ, რომ ეს რთული პროცესი იყო… მაგრამ, ბოლო ექვსი თვის მანძილზე თქვენმა მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით“, – განაცხადა სიმონსმა.


სიმონსი სიტყვით გამოვიდა თბილისში გამართულ კონფერენციაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ ორგანიზებით და ნატოსთან და თბილისში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა.


სიმონსმა ასევე განაცხადა, რომ ამავე დროს საჭიროა სხვა რეფორმების განხორციელებაც.


“თქვენს ხელთ არსებული ქონების ინვენტარიზაცია, როგორც მუშა ხელის, ისე რეალურად არსებული ქონების ინვენტარიზაცია და იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება ცვლილებების განხორციელება. მეორე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სისტემის გადახედვა, რათა გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც თქვენ მართლაც გაქვთ, გამოყენებულ იქნას სწორი მიმართულებით და ეფექტურად“, – განაცხადა მან.


რობერტ სიმონსმა აღნიშნა, რომ IPAP-ით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება დაეხმარება საქართველოს შემდეგ, ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადავიდეს.  ინტენსიური დიალოგი განიხილება როგორც წინა ეტაპი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაში (MAP) გაწევრიანებამდე, რასაც მოყვება ალიანსში შესვლა.


“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობას სურს მომდევნო ეტაპზე გადასვლა და ინტენსიური დიალოგის გამართვა. ეს თქვენს გადაწყვეტილებას მოითხოვს და თქვენ ნათლად განაცხადეთ, და ასევე ალიანსის კონსენსუსს და ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. მაგრამ, ეს არის პროცესი, სადაც არსებობს ძლიერი მხარდაჭერა ალიანსის შიგნით და ჩვენ თქვენი დახმარება გვსურს“, – განაცხადა სიმონსმა.


“მოკავშირეები აღიარებენ, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური ქვეყანა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რეფორმების მიმართულებით და ამის მხარდაჭერა სურთ… და იყო აქტიური და ეფექტური მონაწილე IPAP-ის ნიშნავს, რომ უფრო გაგიადვილდება შემდგომ ეტაპებზე გადასვლა, ინტენსიური დიალოგის ჩათვლით“, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button