
თბილისი და სოხუმი სამშვიდობო წინადადებებს განიხილავენ
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანიამ 24 მაისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან ქართული მხარის წინადადებები განიხილა, რომლებიც საფუძვლად დაედება თბილისის სამშვიდობო გეგმას, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ე.წ. საგზაო რუკას.
“ჩვენ ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემა და არსებობს საჭირო ნება ამისათვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე მივიღეთ აფხაზური მხარის წინადადებები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. დღეს ჩვენ [ქართულმა მხარემ] ჩვენი პროექტი შევთავაზეთ. ხვალ მას [გაეროს გენერალური მდივნის] მეგობარი ქვეყნების ჯგუფს წარვუდგენთ“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით.
“ეს [დოკუმენტი] არ არის კონფლიქტის მოგვარების საგზაო რუკა. ეს არის პრინციპები, რომელზეც, ქართული მხარის აზრით, საგზაო რუკა უნდა დაფუძნდეს“, – დასძინა მან.
ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ იქნება წინააღმდეგობებიც კონსულტაციების პროცესში, “მაგრამ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ“.