
ახალმა მემარჯვენეებმა საკომიტეტო თანამდებობებზე უარი თქვეს
დღეს ოპოზიციური ფრაქცია ახალი მემარჯვენეების სამმა წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ, დავით საგანელიძემ და მზია თორთლაძემ, რომელთაც შესაბამისად ადამიანის უფლებათა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობები ეკავათ პარლამენტში, უარი თქვეს ამ პოსტებზე.
მემარჯვენეები თანამდებობებიდან ნებაყოფლობით გადადგომას უკავშირებენ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას – ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. ამის სადემონსტრაციოდ 23 მაისს უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ოპოზიციის სასარგებლოდ დატოვა.
“ჩვენ ამ პოსტებს ყოველგვარი სინანულის გარეშე დავტოვებთ და გადავცემთ უმრავლესობას და მოვუწოდებთ მათ შეასრულონ ჩვენი პირობები: შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, საარჩევნო კოდექსის შეცვლა და მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევნები“, – განაცხადა 24 მაისს დავით საგანელიძემ.
ეს სამი მოთხოვნა საპარლამენტო ოპოზიციამ მმართველ პარტიას ბოიკოტის შეწყვეტის პირობად მას შემდეგ წაუყენა, რაც 31 მარტიდან საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.
ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებს სამ საპარლამენტო კომიტეტში მაღალი თანამდებობები 2004 წლიდან ეკავათ.