ახალი ამბები

ალასანია სოხუმში სამშვიდობო გეგმას წარადგენს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია სოხუმში გაემგზავრა, სადაც თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდება და ქართული მხარის მიერ მომზადებულ სამშვიდობო დოკუმენტს,  ე.წ საგზაო რუკას წარუდგენს.


შეხვედრას ასევე დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ ბოჩარნიკოვი, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა.


ბოჩარნიკოვიც და ბრაიზაც თბილისში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ) დელეგაციასთან ერთად 23 მაისს ჩამოვიდნენ და შეხვედრებს, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეებთან მართავენ.


ირაკლი ალასანიას აპარატში მომზადებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა განსახილველად უკვე წარდგენილია პარლამენტში. თუმცა, ამ დოკუმენტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.  

Back to top button