skip to content
ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტებმა გირგვლიანის საქმეზე საპროტესტო აქცია გამართეს







აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი 
ნაწილობრივ გადაკეტეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის ინსტიტუტის აქტივისტების მცირე ჯგუფმა 23 მაისს შიმშილობის აქცია დაიწყო და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართა.


საპროტესტო აქციის მონაწილენი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების დასჯას მოითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, დანაშაულის უკან დგანან. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს ეხებოდა: “ვანო, წადი!“


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს დათა ახალაიას და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს, რომლებიც მკვლელობის საქმესთან სავარაუდო კავშირში არიან, თავიანთი უფლებამოსილება მარტში შეუჩერდათ გამოძიების დასრულებამდე, ხოლო კიდევ ერთი თანამშრომელი გურამ დონაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


2006 წლის იანვარში მოკლული სანდრო გირგვლიანის ნათესავები, ასევე ადამიანის უფლებათა ჯგუფები, აცხადებენ, რომ სწორედ ამ პირების დაკვეთით იქნა მოკლული სანდრო გირგვლიანი.


თუმცა, პროკურატურის განცხადებით, დანაშაული მსხვერპლსა და შსს-ს ოთხ თანამშრომელს შორის “სპონტანური კამათის“ შემდეგ იქნა ჩადენილი. ეს ოთხივე თანამშრომელი მარტში დააპატიმრეს.


თანასწორობის ინსტიტუტი გირგვლიანის ოჯახის ადვოკატების თანდასწრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების დაკითხვას მოითხოვს, რომლებიც სავარაუდო კავშირში არიან მკვლელობის საქმესთან.


“ჩვენ აქ დავრჩებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, – განაცხადა თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც ასევე შიმშილობს.


ბოლო თვეების განმავლობაში თანასწორობის ინსტიტუტმა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ რამდენიმე აქცია გამართა თბილისში.


23 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე ასევე გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი და პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button