
EBRD–ის წლიური ინვესტირება საქართველოში 150 მლნ ევრომდე გაიზრდება
21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს პრეზიდენტთან ჟან ლემიერთან, სადაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურიჟან ლემიერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ EBRD–ი საქართველოში ინვესტირების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდას გეგმავს – არსებული ყოველწლიური 85 მლნ. ევროს ნაცვლად ბანკი ყოველწლიურად საქართველოში 150 მლნ. ევროს ინვესტირებას განახორციელებს.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში შეიქმნება საინვესტიციო საბჭო EBRD–ის, მთავრობისა და კერძო სექტორის მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.
EBRD–ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ ბანკი მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და, კერძოდ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურისა და ჩრდილოეთ-სამხრეთი გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტებში.
ზურაბ ნოღაიდელი ლონდონში ასევე შეხვდა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კლეი ლოურის და ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის (MCA)-ს მიმდინარეობა განიხილა. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ასევე იტყობინება, რომ აშშ-ს მხარე აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედი ბანკების წინააღმდეგ ზომების მიღებას გეგმავს.
აღნიშნული შეხვედრები პრემიერ–მინისტრმა EBRD–ის კონფერენციის ფარგლებში გამართა, სადაც ქვეყნის (საქართველოს) პრეზენტაცია შედგა. კონფერენციაზე, რომლის მიზანიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იყო, ძირითადი აქცენტები ენერგეტიკის, საბანკო და ტურიზმის სექტორებზე გაკეთდა.