ახალი ამბები

თბილისი ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობების შეხვედრას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით მიმართა რუსეთის მხარეს და მოსთხოვა განმარტებები რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთი სუბიექტის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას მთავრობის მონაწილეობასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობასთან ერთობლივ სხდომაში, რომელიც 19 მაისს ცხინვალში გაიმართა.  


“მსგავს შეხვედრაში მონაწილეობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მომხდარი განხილიულ იქნება, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პოსტულატების, კერძოდ, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა და რუსეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 19 მაისს იტყობინება, რომ შეხვედრა ვლადიკავკაზსა და ცხინვალს შორის სოციალურ–ეკონომიკური, სამეცნიერო–ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი პროგრამის ხელმოწერით დასრულდა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ასევე ესწრებოდა 19 მაისის სხდომას, აღნიშნა “ორი ოსეთის“ ინტეგრაციის საქმეში მიღწეული პროგრესი მას შემდეგ, რაც ცხინვალისა და ვლადიკავკაზის მთავრობებმა პირველი ერთობლივი შეხვედრა გამართეს მარტში.

Back to top button