ახალი ამბები

სსფ–მ ფინანსთა მინისტრთან ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის ჯონ ვეიკმან ლინის ხელმძღვანელობით, რომელიც თბილისში 12 მაისიდან იმყოფება, ფინანსთა მინისტრთან ლექსო ალექსიშვილთან ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.


შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული რუსეთ–საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში არსებული პრობლემები, კერძოდ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვა რუსეთში. 


“ფონდის მისიასთან ერთად ვიმსჯელეთ ეკონომიკური რისკების წინასწარ დაზღვევისა და შემცირების იმ პოლიტიკურ და ფინანსურ მექანიზმებზე, რომელმაც რუსეთში ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნებას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლექსო ალექსიშვილმა.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფისკალურ და მონეტარულ სფეროებში საქართველოში მიმდინარე პროცესები.


სავალუტო ფონდის მისია თბილისს დღეს დატოვებს, შემდგომ ვიზიტს კი აგვისტოში გეგმავს. 

Back to top button