ახალი ამბები

სოხუმი რუს სამშვიდობოებს ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 18 მაისს “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანას კონფლიქტის ზონიდან “შესაძლოა სისხლისღვრის განახლება მოჰყვეს“.


“საქართველოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსი სამშვიდობოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს უსაფუძვლოა. მყარი არგუმენტებია საჭირო იმისათვის, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანა მოითხოვო“, – განაცხადა შამბამ.


“თუ საქართველო რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს დააყენებს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო გამოდის მოლაპარაკებების პროცესიდან, რადგანაც არსებული სამშვიდობო ოპერაცია ქართული-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ღონისძიებების შესახებ 1994 წლის 2 აპრილს მოსკოვში ხელმოწერილი განცხადების ნაწილია“, – დასძინა შამბამ.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ზაიცევმა 18 მაისს “იტარ-ტასს“ განუცხადა, რომ აფხაზურ არმიას შესწევს უნარი დაიცვას ადმინისტრაციული საზღვარი საქართველოსთან რუსული ჯარების გაყვანის შემთხვევაში.


საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის ოქტომბერში მიღებული დადგენლება ავალებს მთავრობას 2006 წლის 15 ივლისიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცესი დაიწყოს, თუ მათი საქმიანობა უარყოფითად შეფასდება. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ პარლამენტი მოქნილ დადგენილებას მიიღებს აფხაზეთზე, რომელიც თებერვალში სამხრეთ ოსეთში რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით მიღებული დადგენილების ანალოგიური იქნება.

Back to top button