
ბენდუქიძე: შიში რუსული ინვესტიციების მიმართ გადაჭარბებულია
უკრაინულ გაზეთ “ეკონომიჩესკიე იზვესტია“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ შიში რუსული ინვესტიციების მიმართ გადაჭარბებულია.
“ძალიან უცნაური იქნებოდა, თუ რუსული კაპიტალი ინდონეზიაში წავიდოდა, საქართველოსა და უკრაინისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე… ვფიქრობ, რომ ზედმეტად გადაჭარბებული შიში არსებობს რუსული კაპიტალის მიმართ… იგივე ხდება ესტონეთშიც, რომელიც ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება რკინიგზის ნაციონალიზება, რათა ის რუსეთის კომპანიამ არ იყიდოს. რეალურად, დაცვის საუკეთესო გზა არის მაქსიმალურად ღია ეკონომიკა: რაც უფრო გამჭვირვალეა პრივატიზაციის პროცესი, უფრო მეტია შანსი იმისა, რომ ობიექტებს არარუსული კომპანიები იყიდიან“, – განაცხადა ბენდუქიძემ.
მისი თქმით, მომავალი წლისთვის გაიყიდება საქართველოს ყველა ძირითადი სახელმწიფო ობიექტი, რკინიგზის, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის და მაგისტრალური გაზსადენის გარდა.
“მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ჩვენს [ქართველ] პოლიტიკოსს იდეა ფიქსი აქვს [რომ ამ ობიექტების პრივატიზება არ შეიძლება]. რატომ არ უნდა გავყიდოთ ისინი?“, – განაცხადა ბენდუქიძემ.
მისი თქმით, საქართველოს 1008-1010 წლების საშუალოვადიან ბიუჯეტში პრივატიზაციიდან შემოსავლები მშპ-ს 0,1%-ს შეადგენს.
მან ქვეყანაში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესს წარმატებული უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა “ჭიათურმანგანუმის“ გაყიდვასთან დაკავშირებული წარუმატებლობა. “თუმცა, ვფიქრობ, რომ ორ თვეში “ჭიათურმანგანუმი“ თავის მფლობელს იპოვის“, – განაცხადა ბენდუქიძემ.