ახალი ამბები

გირგვლიანის ოჯახი შს ყოფილი მაღალჩინოსნების საჯაროდ დაკითხვას მოითხოვს

იანვარში მოკლული სანდრო გირგვლიანისოჯახმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგის იმ თანამშრომლების საჯაროდ დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც სანდროს მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში.  


გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, რომელიც ეჭვობს, რომ შს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი, გურამ დონაძე, პროკურატურას საერთოდ არ დაუკითხავს, თბილისის პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს უნდობლობას უცხადებს.


ღვინიაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში მკვლელობის დამკვეთები არ გამოიკვეთნენ. თუმცა გირგვლიანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა შს–ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და შს მინისტრის მეუღლემ თაკო სალაყაიამ დაუკვეთეს.  


თუკი გამოძიების პროცესში პროგრესი არ იქნება და გირგვლიანის ოჯახის მოთხოვნებს  სამართალდამცავები 23 მაისამდე არ დააკმაყოფილებენ, “თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება და “ჩვენ ამ მთავრობას 26 მაისით [საქართველოს დამოუკიდებლობის დღე] ზეიმის საშუალებას არ მივცემთ“.

Back to top button