
პარლამენტში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თემაზე იმსჯელეს
დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარესთან გიორგი თავაძესთან ელექტროენერგიის ტარიფის მომატების თემასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ჟურნალისტებისათვის დახურული იყო, სემეკ–ის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ პირველი საფეხურის ტარიფის გადახდის ზღვარი, რომელიც 100 კვტ.სთ–ია, ოდნავ გაიზარდოს.
„ჩვენ მზადა ვართ საღი აზრი მოვისმინოთ…[ახალი ტარიფის შესახებ] დადგენილება შეიძლება შეიცვალოს მცირედით, თუმცა ტარიფი ძირითადში დარჩება იგივე“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი თავაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა დეპუტატებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ნინო ბურჯანაძემ 15 მაისს განაცხადა, რომ პარლამენტს და საზოგადოებას აინტერესებს არგუმენტირებული პასუხები, თუ რატომ გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, რაც 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
სემეკ–მა თბილისსა და რეგიონებში ელექტრენერგიის ახალი, სამ საფეხურად დიფერენცირებული სამომხმარებლო ტარიფები, საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, 11 მაისს გამართულ სხდომაზე დაადგინა და ამის ძირითად მიზეზად ბუნებრივი აირის გაძვირება დაასახელა.
თუმცა ოპოზიციამ ეჭვქვეშ დააყენა სემეკ–ის მოტივაცია და განაცხადა, რომ სემეკმა მთავრობის დაკვეთა შეასრულა, რომელსაც თავის მხრივ მაღალი ტარიფით ჰიდროელექტროსადგულების პრივატიზაციის პროცესში ინვესტორების მოზიდვის ინტერესი ამოძრავებს.