
ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის პროცესს დადებითად აფასებენ
დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ–ბინაში 26+1 (ნატო-საქართველო) ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 31 მარტს, სოჭში საქართველო-რუსეთს შორის ბაზებისა და სხვა რუსული სამხედრო ობიექტების გაყვანის თაობაზე დადებული შეთანხმება, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო.
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა კუდავა ხელმძღვანელობდა.
თავდაცის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია, რომ 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე რუსეთის მიერ ერთობლივი განცხადებით აღებული ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება გუდაუთის სამხედრო ბაზიდან რუსეთის სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და პერსონალის სრულად გაყვანამდე.
ქართული მხარის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა აგრძელებს ფუნქციონირებას, მაშინ როცა რუსული მხარე აცხადებს, რომ ბაზა 2001 წელს დაიხურა.