
ეუთო მზად არის სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციის პროექტებში წვლილი შეიტანოს
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერინ დე ბრიშამბომ 15 მაისს განაცხადა, რომ ეუთო მოწოდებულია დაეხმაროს მხარეებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციაში, იტყობინება ეუთოს თბილისის ოფისი.
ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც თბილისში 14 მაისს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას და ასევე გეგმავს შეხვედრებს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ბურჯანაძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
მარკ პერინ დე ბრიშამბომ ასევე განაცხადა, რომ ეუთო ემზადება დონორთა შეხვედრისთვის, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას მიეძღვნება.
“ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა შევქმნათ პირობები ბრიუსელში წარმატებული შეხვედრისთვის, რომელსაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე უმასპინძლებს“, – განაცხადა მარკ პერინ დე ბრიშამბომ.
“დონორ ქვეყნებს ვთხოვთ გამოყონ 10 მილიონი ევრო, ახლა როცა კონფლიქტის მხარეებმა უკვე შეათანხმეს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების პაკეტი“, – დასძინა მან.