
მერაბიშვილი მზად არის სამხრეთ ოსეთის პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 14 მაისს განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს მიხეილ მინძაევს.
11-12 მაისს ცხინვალში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე ქართული და სამხრეთ ოსური მხარეები შეთანხმდნენ შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა 10 ივნისამდე გამართონ.
“მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე, თუ ეს [შეხვედრა] რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
იგი ჟურნალისტებს კარალეთში შსს-ს 300-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ახალი ბაზის გახსნის შემდეგ ესაუბრა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორი დღის წინ ქართული პოლიციის მიერ რამდენიმე ოსი პოლიციელის დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცხინვალის ოფიციალური პირებიც არიან ჩართულნი კრიმინალურ საქმიანობაში. ქართველი სამართალდამცავების ინფორმაციით, ოსი მილიციელები მართავდნენ მანქანას, რომელიც თბილისში იყო მოპარული.