
თბილისში ქართულ–აფხაზური შეხვედრა იმართება
დღეს თბილისში თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჩამოდის. იგი მონაწილეობას მიიღებს ქართულ–აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში, რომელიც გაეროს პატრონაჟით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ ასევე რუსეთი, როგორც შუამავალი მხარე, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფისა და ეუთოს წარმომადგენლები.
საბჭოს აღმასრულებელ ორგანოებს სამი სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს, რომლებიც შესაბამისად უსაფრთხოების, დევნილთა დაბრუნებისა და სოციალურ–ეკონომიკურ მიმართულებებზე მუშაობენ. მხარეები ყველა ამ საკითხს 15 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.
თბილისი და სოხუმი სააკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე, რომელიც უკანასკნელად 2001 წლის იანვარში შეიკრიბა, სერგეი შამბასა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ირაკლი ალასანიას შორის სოხუმში მარტში გამართულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.