
რუსი სენატორები აფხაზეთს ესტუმრნენ
რუს სენატორთა ჯგუფი რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ ოზეროვის ხელმძღვანელობით აფხაზეთს ეწვივნენ, იტყობინება საინფორმატიო სააგენტო „აფსნიპრესი“.
16 მაისს რუსი სენატორები შეხვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურს სერგეი ჩაბანს და რეგიონში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციას გაეცნენ.
„[რუსი] სამშვიდობოები აფხაზეთში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტები არიან“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ალექსანდრე ანქვაბის სიტყვებზე დაყრდნობით.
ვიქტორ ოზეროვმა განაცხადა, რომ იგი 25 მაისს პარიზს ეწვევა, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრება და აფხაზეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციის საკითხს განიხილავს.