
ახალქალაქის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის რუსეთში გატანის პროცესი დაიწყო
დღეს დილით დაიწყო ახალქალაქის 62–ე რუსული სამხედრო ბაზიდან გასატანი ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირების მიზნით დატვირთვა. ეს პროცესი კვირას დასრულდება, იტყობინებიან 13 მაისს “ინტერფაქსი“ და “რია ნოვოსტი” რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწის იგორ კონოშენკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
“პირველი ეშელონით რუსეთში გაიგზავნება 7 ტანკი, დაახლოებით 10 ჯავშანტრანსპორტიორი და დაჯავშნული სადაზვერვო მანქანები, იტვირთება ასევე სამხედრო ქონება. დღეს პლატფორმებზე იტვირთება ბორბლებიანი ჯავშანტექნიკა, მძიმე ტექნიკის დატვირთვა კი კვირას იგეგმება“, – განაცხადა კონოშენკოვმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზამ სამხედრო ტექნიკის გატანის მიზნით წალკაში 19 ვაგონიანი ეშელონი გააგზავნა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ გეზს 15 მაისს აიღებს.
კონოშენკოვის განცხადებით, მეორე ეშელონი რუსეთში 23 მაისს გაიგზავნება. მთლიანად ოქტომბრამდე კი 21 სარკინიგზო ეშელონი გაიგზავნება ახალქალაქის ბაზიდან. ამას გარდა, აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ერთი ეშელონი ბათუმის სამხედრო ბაზიდანაც გაიგზავნება.
ტრანსპორტირების უსაფრთხოებას საქართველოს ტერიტორიაზე – ქართული, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარე უზრუნველყოფს.
ბაზებზე საქართველო–რუსეთს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ახალქალაქის სამხედრო ბაზამ საქართველო 2007 წლამდე უნდა დატოვოს, ხოლო ბაზების გაყვანის პროცესი მთლიანობაში 2008 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.