
ბელარუსი “ბორჯომის“ ხარისხის შემოწმებას იწყებს
ბელარუსი დაიწყებს საქართველოდან იმპორტირებული მინერალური წყლის – “ბორჯომის“ ხარისხის შემოწმებას. ბელარუსის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მიხეილ რიმჟამ შესაბამის გადაწყვეტილებას უკვე მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ ბელარუსში ხარისხიანი “ბორჯომი“ შედის.
“მე უკვე მოვაწერე ხელი შესაბამის განკარგულებას… შემოწმება ჩატარდება იმ სიტუაციის გამო, რომელიც რუსეთში ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ ირგვლივ შეიქმნა“, – იუწყება 12 მაისს “ინტერფაქსი“ რიმჟას სიტყვებზე დაყრდნობით.
რუსეთმა “ბორჯომის“ იმპორტი 7 მაისიდან აკრძალა, ხოლო მოგვიანებით “ნაბეღლავის“ იმპორტის შეჩერების შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება. 27 მარტიდან კი რუსეთში ქართული ღვინოების იმპორტია აკრძალული.
ბელარუსის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, საქართველოდან იმპორტირებული ღვინოები სახელმწიფო სტანდარტებს შეესაბამება.