
“დემოკრატიული ფრონტი“ უმრავლესობის ლიდერის წინააღმდეგ გამოდის
დღეს ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს სპეციალური მონიტორიგის ჯგუფის მიერ უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის წინააღმდეგ შეგროვებული მასალები.
ოპოზიცია აპროტესტებს მერიის მიერ მაია ნადირაძისათვის ბინის პრიორიტეტული წესით გადაცემას. “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ამ მიზნით მაია ნადირაძემ “ნინო ბურჯანაძის ხელშეწყობით თავისი სამსახურებრივი მდგომარება ბოროტად გამოიყენა“.
“დემოკრატიულმა ფრონტმა” საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი მარტში შექმნა საზოგადოებისათვის აქტუალური თემების გამოძიების მიზნით.
“მონიტორინგის ჯგუფი აპირებს ეს მასალები გადასცეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს და შემდეგ კომიტეტმა იმსჯელოს რამდენად შესაბამისობაში არის პარლამენტის წევრის სტატუსთან და კანონთან ეს ქმედებები“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ძიძიგურმა.
თუმცა ცოტა ხნის წინ მაია ნადირაძე აცხადებდა, რომ თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი ბინა მან უკან დაუბრუნა ქალაქის მუნიციპალიტეტს.