ახალი ამბები

მოსკოვი გუდაუთის ბაზაზე ნატოს პარლამენტარების არ დაშვების ფაქტს უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა უარყო ის ფაქტი, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 6 მაისს ვიზიტად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ასამბლეის პრეზიდენტის პიერ ლელუშის ხელმძღვანელობით, რუსულმა მხარემ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე არ დაუშვა.


კამინინი12 მაისს რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში აცხადებს, რომ ნატოს დელეგაციას, რომელიც სოხუმში დსთ–ს კოლექტიური უსაფრთოების ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა, გუდაუთის ბაზის მონახულების სურვილი არ გამოუთქვამს.


“მათ ვერ შეძლეს, ან არ სურდათ აეხსნათ მათი ინტერესის მიზეზები გუდაუთის მონახულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კამინინმა და აქვე დასძინა, რომ პიერ ლელუშის განცხადება, რომ იგი გადაუთის ბაზაზე,  არ დაუშვეს, “ეწინააღმდეგება სინამდვილეს“. 


“მართალია, რომ ადრე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა სხვადასხვა, მათ შორის საპარლამენტო არხების მეშვეობით, გამოხატეს სურვილი გუდაუთის ყოფილი სამხედრო ბაზის მონახულების თაობაზე. პრინციპში, ჩვენ არ ვიყავით წინააღმდეგი ასეთი ვიზიტის იმ პირობით თუ, რა თქმა უნდა, ამას ექნებოდა მკაფიოდ გამოხატული მიზნები. კერძოდ, იმ ფაქტის დადასტურება, რომ გუდაუთის ბაზა დახურულია“, – აცხადებს კამინინი.

რუსული მხარის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის ბაზაზე რუსი სამშვიდობოები არიან დისლოცირებულები.

Back to top button