ახალი ამბები

ხაინდრავა სოხუმის სამშვიდობო გეგმაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ძნელად თუ დათანხმდება აფხაზური მხარის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის ყველა პუნქტზე, თავად ფაქტი ამგვარი დოკუმენტის შემუშავებისა პოზიტიური ნაბიჯია.


მისი თქმით, თბილისი მხარს უჭერს დოკუმენტის იმ ასპექტებს, რომლებიც ასახავს მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერების საჭიროებას და რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციას.


“ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა თუ როგორ განვახორიცელოთ ეს, რა ტემპებით, ვისი მონაწილეობით. ჩვენ ვთვლით, რომ ამ პროცესის ინტერნაციონალიზაცია უფრო მისაღებია. აფხაზური მხარისთვის უფრო მისაღებია რუსული გარანტია, ჩვენ რუსების გარანტიას გარანტიად არ მივიჩნევთ“, – განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან თბილისში 15 მაისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. 


შამბამ აფხაზური მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე გადასცა.


აფხაზური მხარის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა, სახელწოდებით “მომავლის გასაღები“, სთავაზობს თბილისს, “ხელახლა შეაფასოს წარსულის შეცდომები და ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს ასიმილაციის, ომის და იზოლაციის სახელმწიფო პოლიტიკის გამო“.


“რაც დასაწყისში წავიკითხე, სამწუხაროდ, ისევ ცალმხრივი მიდგომაა ბრალეულობისა. მე ვთვლი, რომ იმაში, რაც აფხაზეთში მოხდა, ორივე მხარე არის დამნაშავე და მესამე მხარეც არის დამნაშავე და ალაბათ ძირითადი ეს მესამე მხარეა საბჭოთა კავშირის სახით და მისი მემკვიდრე, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს ცალმხრივობაზე, მაშინ ძალიან ძნელი იქნება რაიმე კონსენსუსის მიღწევა“, – განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.


“თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.  ომის დაწყება იყო ძალიან სერიოზული შეცდომა… მაშინ როცა 300 ათასამდე დევნილია, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლში დაბრუნება, ვინ ვის უნდა მოუხადოს ბოდიში, კითხვის ქვეშ დგას“, – განაცხადა ხაინდრავამ.


 


 


 

Back to top button