
ოპოზიცია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას აპროტესტებს
ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თაობაზე საპროტესტო აქციების მოსაწყობად გამოიყენოს.
11 მაისს გამართულ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) თბილისსა და რეგიონებში ელექტრენერგიის ახალი, სამ საფეხურად დიფერენირებული სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, რაც ძალაში 1 ივნისიდან შევა. ტარიფის გაზრდის მიზეზი გაორმაგებული გაზის ღირებულება და ტექნიკური დანახარჯების ზრდაა.
ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის პროტესტს კონსერვატორული პარტიაც შეუერთდა, რომელმაც დაგმო ეს გადაწყვეტილება.
ლეიბორისტულმა პარტიამ პროტესტის გამოხატვა ტარიფის გაზრდის თაობაზე სემეკის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. პარტიის 16 წევრმა 10 მაისს სემეკის ოფისის ფოიეში შიმშილობის აქცია დაიწყო.
სემეკის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ 10 მაისს განაცხადა, რომ ის შეხვდა შალვა ნათელაშვილს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, რათა აეხსნა ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელი ზრდის მიზეზი.
“შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო. მე დეტალურად ავუხსენი, თუ რატომ გახდა საჭირო ტარიფის გაზრდა და ბატონმა შალვამ ეს მიზეზები ძალიან კარგად გაიგო. თუმცა, შეხვედრის შემდეგ მან აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები გააკეთა ტელეკამერების წინ“, – განაცხადა თავაძემ 10 მაისს.
სემეკ–ის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე კონსერვატორულმა პარტიამ მოუწოდა საზოგადოებას სემეკის წინ გაეპროტესტებინა ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა. თუმცა, მხოლოდ 100-მდე ადამიანი, ძირითადად ლეიბორისტული და კონსერვატორული პარტიების აქტივისტები, გამოეხმაურა ოპოზიციის მოწოდებას, რომელიც ამით იმედგაცრუებული ჩანდა.
“როგორც ჩანს, ხალხმა ჯერ ვერ გააცნობიერა ამ გადაწყვეტილების საფრთხე. ყველა მიხვდება ამას, როდესაც [ელექტროენერგიის გადასახადის] ქვითრებს მიიღებენ“, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან.
სემეკ–ის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კონსერვატორების ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობისას უპრინციპობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლება დაემორჩილა ზეწოლას რუსეთის ენერგოკომპანია “რაო ეეს“-ის მხრიდან და დათანხმდა ტარიფის გაზრდაზე. “რაო ეეს“-ი თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია “თელასის“ მფლობელია.
“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს კორუფციულ გარიგებებს; ჩვენ არასოდეს დავემორჩილებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ, რადგანაც ხალხი ვერ შეძლებს ამ ტარიფის გადახდას. ეს ამორალური მთავრობაა, რადგანაც, როდესაც ისინი ტრაბახობენ და ამბობენ, რომ ისინი პრინციპულები არიან და არ ემორჩილებიან რუსეთის ზეწოლას, ისინი უფლებას აძლევენ რუსულ სახელმწიფო კომპანიას [“რაო ეეს”-ს] გამდიდრდეს ქართველი ხალხის ხარჯზე“, – განუცხადა კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
სემეკ–მა “თელასის“ წილი ტარიფში მხოლოდ 0,8 თეთრით გაზარდა, ნაცვლად 10 თეთრისა, როგორც ამას კომპანია ითხოვდა. ახალ ტარიფში “თელასის“ წილი 7,9 თეთრი იქნება.
“ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია თავი დავაღწიოთ ბოროტების წყაროს – ეს გულისხმობს სააკაშვილის ადმინისტრაციის გადადგომას; ეს უნდა გახდეს კონსენსუსი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ საპროტესტო აქცია უნდა გავმართოთ პარლამენტის წინ“, – განაცხადა გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან 11 მაისს.
თუმცა, ხელისუფლება ოპოზიციის მოწოდებებს ყურადღების მიღმა ატარებს.
“ერთადერთი მიზეზი, რატომაც გახდა საჭირო ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, იყო რუსეთის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდის თაობაზე და ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომაც მათი რეაქცია ძალიან ადეკვატური იყო“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ტელეკომპანია “იმედს“ 11 მაისს.
თითქმის ყველა თავის ბოლოდროინდელ გამოსვლებში პრეზიდენტი სააკაშვილი გმობდა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაზის ღირებულების გაზრდის თაობაზე და მოსკოვს თითოეული ქართული ოჯახის მდგომარეობის გაუარესებისაკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელებაში ადანაშაულებდა.
სამსაფეხურიანი ტარიფი
სემეკ–ის გადაწყვეტილების თანახმად, 1 ივნისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტრენერგიის სამ საფეხურად დიფერენირებული სამომხმარებლო ტარიფები ამოქმედდება.
თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თვეში 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარს 13,48 თეთრს გადაიხდის. 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით – 16 თეთრს, ხოლო 301 კვტ–სა და მეტზე – 17,69 თეთრს.
რეგიონებში – საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის, “კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ , “აჭარის ენერგოკომპანიის“ აბონენტები 100 კვტ მოხმარებულ ენერგიაზე 12,98 თეთრს გადაიხდიან, 101 კვტ-დან 300 კვტ-ს ჩათვლით – 16,52 თეთრს, ხოლო 301 კვტ–სა და მეტზე – 17,49 თეთრს.
სემეკ-ის ინფორმაციით, თბილისში იმ მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომელიც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიას ან უფრო ნაკლებს მოიხმარს 60% შეადგენს, რეგიონებში კი – 80%–ს.
სემეკ-ის წევრის ირინა ქავთარაძის ინფორმაციით, თბილისის და რეგიონების ის დასახლება, სადაც არ არის დასრულებული გამრიცხველიანების პროცესი მოხმარებული ენერგიის რაოდენობას პირველი საფეხურის მიხედვით – 12, 98 თეთრს გადაიხდის.
სემეკ-ის თავმჯდომარის გიორგი თავაძის ინფორმაციით, ტარიფის ზრდა განპირობებულია ენერგორესურსების და ასევე რუსეთის მიერ მოწოდებულ 1000 კუბამეტრ ბუნებრივ აირზე საფასურის 63 აშშ დოლარიდან 110 დოლარამდე გაძვირებით.
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, გასულ წელს გაზით წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობამ საქართველოში 12% შეადგინა, ხოლო დანარჩენი რაოდენობა ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
“წელს ეს წილი კიდევ უფრო გაიზრდება და თბოელექტროსადგურები 30% აწარმოებენ, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა 70%-ს მიაღწევს”, – განაცხადა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ.
აპრილში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის წარმოებისთვის შემოტანილი გაზი დღგ-სგან თავისუფლდება.
11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მთავრობამ 100 მილიონი ლარი გამოყო მომხმარებელთათვის ზამთრის პერიოდში გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების მიზნით. “მაგრამ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება”, – დასძინა მან.
ენერგეტიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა გაზრდილ ტარიფს დაახლოებით 400,000 სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი ადამიანისთვის დააფინანსებს საქართველოს მასშტაბით.
“ამ ოჯახებისთვის ტარიფის ზრდა ნულის ტოლი იქნება”, – დასძინა გილაურმა.
მისი თქმით, ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ ქვეყნის ენერგოსისტემის რეაბილიტაციის მიზნით 350 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.