
პარლამენტი გენშტაბის რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს
11 მაისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა 12 კაციანი კომისიის შექმნას, რომელიც გენშტაბის ტრანსფორმაციის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას გაუწევს კოორდინაციას.
კომისიას ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და მასში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან.
კონსტიტუციაში ცვლილელების თაობაზე კანონპროექტის ფარგლებში, უქმდება ამჟამად მოქმედი გენერალური შტაბი და მის ნაცვლად ყალიბდება გაერთიანებული შტაბი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს შეიარაღებული ძალების სახეობების (სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო) საშტაბო მუშაობის კოორდინაციისა და კონტროლის გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, შემოთავაზებულმა ცვლილებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის პროცესს.