
შსკ შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების შეხვედრაზე თანხმდება
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ჩოჩიევი მიესალმა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომას ცხინვალში და მას ნაყოფიერი უწოდა.
შსკ-ს ორდღიანი სხდომა ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების მონაწილეობით ცხინვალში 11 მაისს გაიხსნა.
“დღეს [11 მაისს] ჩვენ გადავწყვიტეთ ხვალინდელ სხდომაზე შევათანხმოთ შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა შსკ-ს ფარგლებში… ჩვენ ასევე შევთანხმდით ჩავატაროთ განათლების მინისტრების შეხვედრა შსკ-ს ფარგლებში უახლოეს მომავალში“, – განუცხადა ბორის ჩოჩიევმა ჟურნალისტებს.
შეთანხმებას შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის თაობაზე მხარეებმა წინა შეხვედრების დროსაც რამდენჯერმე მიაღწიეს, თუმცა ეს შეთანხმება ვერც ერთხელ ვერ განახორციელეს.
ცოტა ხნის წინ ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში არსებული სკოლების რეაბილიტაციის ინიციატივით გამოვიდა და განათლების მინისტრების შეხვედრაც, სავარაუდოდ, ამ ინიციატივას უკავშირდება.
თუმცა, მხარეები ვერ თანხმდებიან ეუთოს ინიციატივაზე ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებასა და ხელმოწერაზე. სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მხარეები მიესალმებიან ამ ინიციატივას, თუმცა ქართული მხარე თავს იკავებს.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო გეგმა, რომელიც ქართულმა მხარემ წარადგინა, ყველაზე დიდი გარანტია [მშვიდობის], რადგანაც ეს არის ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულება მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ.