
ბურჯანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამხრეთ ოსეთის დახმარების პროგრამის შესწავლას მოითხოვს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 10 მაისს დაავალა დეპუტატ შოთა მალაშხიას, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს, შეისწავლოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახსრების გადანაწილების საკითხი.
ბურჯანაძემ ეს განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც დიდი ლიახვის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი დახმარება “არასამართლიანად ნაწილდება კონფლიქტის ზონის ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის“.
ევროკავშირის რეაბილიტაციის პროგრამის ბოლო ფაზას, რომლის ღირებულებაც 2,5 მილიონ ევროს შეადგენს და რომელიც 2006 წლის მარტამდე 27 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ეუთო კურირებს და გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ახორციელებენ, იტყობინება ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში.
პროგრამის ძირითადი მიზანია კონფლიქტის ზონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.