
პრეზიდენტი ქართველ მეღვინეებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრიტიკებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ქართველი მეღვინეები ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიების საქმეში მათი ინერტულობის გამო გააკრიტიკა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფალსიფიცირებული ქართული ღვინის სამი ბოთლი წარმოადგინა. მან განუცხადა მთავრობის წევრებს, რომ ეს ღვინოები ვილნიუსში ვიზიტის დროს სუპერმარკეტში შეიძინა.
“ეს [ღვინის ბოთლები] მე ვიხილე ბალტიისპირეთში, სადაც ძალიან დიდი აზარტით იყიდება ე.წ. ქართული ღვინო. ეს არის [მიანიშნა რა ერთ-ერთ ბოთლზე] ქინგმარაული, ქინძმარაულის ნაცვლად; როგორც ჩანს, ქართულის დამწერიც არ ჰყავთ ბულგარეთში, სადაც ამ ღვინოს უშვებენ. ეს არის სვანჭკარა [მიანიშნა მეორეზე], რომელიც ასევე ბულგარეთშია ჩამოსხმული. და ეს ბოლო შედევრი არის ესპანეთში ჩამოსხმული ხვანჯვარა… გამიხსენით, თუ შეიძლება [მიმართა თანაშემწეს] … მიხო [მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრს], შენი ჭიქით მოდი აქ და ეს გასინჯე… რა არის ეს?“, – ჰკითხა სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრს და განაგრძო, “ეს არის იაფფასიანი ესპანური ღვინო“.
“რატომ დგას ეს ღვინო ხვანჭკარას ადგილზე მთელ ევროპაში? სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სძინავს და სანამ ჩვენი მეღვინეების დიდ ნაწილს სძინავს, პირდაპირ რომ ვთქვა, მოხერხებული ესპანელი, ბულგარელი, ლიტველი და ჩეხი მეღვინეები, თუ რაც არიან, რომელთაც ქართულ წერა-კითხვას ვერ მოსთხოვ, მაგრამ მარკეტინგი ალბათ იციან, სანამ ჩვენი ნამდვილი ხვარჭკარა, საფერავი და ქინძმარაული გვილპება აქ და ობით გვეფარება, ისინი ბაზრებს ითვისებენ დიდი წარმატებით და აკეთებენ ასობით მილიონ დოლარს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა ის მეღვინეები, რომელთაც უკმაყოფილება გამოთქვეს რუსეთისადმი საქართველოს პოლიტიკის მიმართ, რაც, მეღვინეების თქმით, დასრულდა რუსეთის გადაწყვეტილებით აეკრძალა ქართული ღვინის იმპორტი.
“მე მოვისმინე ერთ-ერთი მეღვინის ძალიან ბრიყვული გამოსვლა, სადაც იძახის, რომ საქართველოს მთავრობამ დაგვაკარგინა რუსეთის ბაზრები და ახლა რაღაც მითიურ ბაზრებს ეძებს სადღაც ევროპასა და ჩინეთში. ეს არის მითიური ბაზარი [მიანიშნა ღვინის ბოთლებზე]? აი, კონკრეტული, ყოველდღიური ბაზარი ქართული ღვინის. და სანამ მეღვინეების ფედერაცია დადის და აქეთ ჩვენ გვიტრიალებს სიტყვას, კეთილი ინებონ წამოიწიონ თავისი სკამებიდან, აიღონ ჩვენი ღვინო, ჩაიტანონ ბალტიისპირეთში, პოლონეთში, უკრაინაში, მიიტანონ ეს ღვინო იმ სუპერმარკეტში [სადაც ეს სამი ღვინის ბოთლი იქნა შეძენილი], რომლის დირექტორმაც გვითხრა, რომ ისინი იყიდება. ამ ღვინის ფასი 6, 7 და 8 დოლარია“, – განაცხადა სააკაშვილმა.