
ბურჯანაძე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ადეკვატურობის შესწავლას მოითხოვს
დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მისცა დავალება იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს შეისწავლონ ბოლო დროს პოლიციის მიერ სპეცოპერაციების დროს გამოყენებული ძალის ადეკვატურობის საკითხი.
“რამდენად ადეკვატური იყო პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ძალის გამოყენების თავიდან არიდება და რამდენად შესაძლებელი იყო ხალხმრავალ ადგილას მსგავსი ოპერაცია არ ჩატარებულიყო“, – ამ კითხვებზე პასუხი ბურჯანაძემ კომიტეტებს 2 მაისს პოლიციის მიერ თბილისის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე მოსთხოვა, რომელსაც ორი ეჭვმიტანილი შეეწირა და ერთი მძიმედ დაიჭრა.
“პროფესიულ დონეზე შესრულებული თუ იყო, ასეთ შემთხვევაში ჩვენ სათქმელი არა გვაქვს და თუ იქ იყო ხარვეზები, ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივუთითოთ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს რომ მსგავსი აღარ განმეორდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.