
ახალი ამბები
რუსეთმა “ნაბეღლავის“ იმპორტიც აკრძალა
ერთი დღის შემდეგ რაც რუსეთმა “ბორჯომის“ იმპორტი აკრძალა, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ 5 მაისს ქვეყნის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა შეაჩეროს ქართული მინერალური წყლის – “ნაბეღლავის“ რუსეთში შეტანა.
მოსკოვის ოლქში შემოწმებული “ნაბეღლავის“ 175 560 ბოთლის 100% ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს, აცხადებს ონიშჩენკო რუსეთის საბაჟო სამსახურისთვის 5 მაისს გაგზავნილ წერილში.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ “ბორჯომის“ იმპორტი 4 მაისს აკრძალა, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების აკრძალვიდან ხუთი კვირის თავზე.
“როდესაც ერთ დღეს რუსეთის მოქალაქე გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ “ბორჯომი“ აღარ ექნება, ძალიან გაბრაზდება თავის მთავრობაზე“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 6 მაისს.