ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობებზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, თუმცა ამავე დროს, მან რუსეთის მხრიდან დაწოლის წინააღმდეგ ქართველ ხალხს კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა.

“ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავანახოთ ჩვენი სისუსტეები და პოზიციის უკანდახევა[რუსეთს]… ეს უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, არამედ მთელი ქართველი ხალხის და ჯერ–ჯერობით ქართველი ხალხი არ აპირებს შანტაჟს შეშინებით უპასუხოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს 5 მაისს მიხეილ სააკაშვილმა.


“ჩვენ გვინდა კეთილმეზობლური, თანასწორი ურთიერთობები რუსეთთან… მე ახლა ჩამოვედი ლიტვიდან, რომელმაც ასეთივე დაწოლა გაირა რუსეთის მხრიდან, მაგრამ დღეს ლიტვა ცხოვრობს 3–4–ჯერ უკეთესად, ვიდრე დღევანდელი რუსეთი მთელი თავის ნავთობით და გაზით. აი ჩვენთვის გაკვეთილი… მე ვფიქრობ, ამ დაწოლას ჩვენ უფრო ადვილად გავუძლებთ ვიდრე ლიტველები იმიტომ, რომ გარკვეული ეკონომიკური ბაზისი ჩვენ შევქმენით და გარკვეული ბაზრები უკვე მოვიპოვეთ… ყველანაირი დაწოლა და მსგავსი მუქარა მხოლოდ ამტკიცებს და კონსოლიდაციას უკეთებს ყველა თავმოყვარე ერს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით საქართველო “თავმოყვარე ერია”, რომელთანაც უფრო ადვილია “მეგობრობით და ხელის გაწვდენით“ საუბარი “და როდის იყო ჩვენ ამაზე უარი ვთქვით“.

პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსეთის მიერ 4 მაისს ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის” იმპორტის აკრძალვის შემდეგ გააკეთა, რასაც 5 კვირის წინ უსწრებდა ღვინისა და ღვინომასალების იმპორტის აკრძალვა.  

Back to top button