ახალი ამბები

ბურჯანაძე ოქრუაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, მას შემდეგ რაც მან  თავდაცვის მინისტრის გამონათქვამების გამო ბოდიში მოიხადა, განაცხადა, რომ იგი ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირებული არ არის.


“განსხვავებული ხედვები როგორ შეიძლება დაფიქსირდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ნუ იქნება მონათლული დაპირისპირებად. დღეს გამოჩნდა რაღაც უცნაური სტატიები პრესაში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის არის დაპირისპირება და ლამის ფარული ომი. არავითარი მსგავსი არ არის და არც აქვს ამას რაიმე საფუძველი“, – განაცხადა ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბურჯანაძის შეფასებით ირაკლი ოქრუაშვილთან მას აქვს “კარგი“ და “კოლეგიალური” ურთიერთობა.

ბურჯანაძემ “ვრემია ნოვოსტეი“–ში 4 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბოდიში მოუხადა რუსეთის მოქალაქეებს ოქრუაშვილის “არაკორექტული“ გამონათქვამების გამო, რომელიც ასე ჟღერდა: “რუსეთში ფეკალური მასაც რომ გაიტანო, ისიც კი გაიყიდება“. ეს განცხადება ოქრუაშვილმა რუსეთში ღვინის იმპორტის აკრძალვის შესახებ საუბრისას გააკეთა.


4 მაისს კი ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბოდიშს რუსეთს მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შემდეგ მოუხდის.

Back to top button