
ნოღაიდელი: რუსეთში “ბორჯომის” იმპორტის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვა რუსეთის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ამ ნაბიჯს კი “ეკონომიკური ემბარგო” უწოდა.
“ჩვენ ყველა დავრწმუნდით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ჩვენ მაინც ვმუშაობთ რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად… მაგრამ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოვით სხვა ბაზრებზე ადგილის დასაკავებლად”, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” ლონდონში მყოფმა პრემიერ–მინისტრმა.
“ეს [“ბორჯომის” აკრძალვა] არის კიდევ ერთი არგუმენტი იმ ადამიანების სასარგებლოდ, ვინც დსთ–ს დატოვებას ითხოვს”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბურჯანაძემ.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა ‘ბორჯომის” აკრძალვას “გაუმართლებელი“ და ქართული პროდუქციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება უწოდა.
“ეს ისეთივე გაუმართლებელია, როგორიც იყო ქართულ ღვინოსთან მიმართებაში. კარგად ჩანს, რომ ისინი ებრძვიან ყველაფერ ქართულს. არანაირად არც ფალსიფიკაციასთან და არც ხარისხთან არ გვაქვს საქმე, როგორც ამას ის [რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო] რაღაცეებს იგონებს ყოველდღე და თხზავს სხვადასხვა გამონათქვამებს“, – განაცხადა 5 მაისს მიხეილ სვიმონიშვილმა.
გენადი ონიშენკოს უწყებამ “ბორჯომის“ იმპორტი უხარისხობის მოტივით 4 მაისიდან შეაჩერა ხუთი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც რუსეთში ქართული ღვინისა და ღვინომასალების შეტანა აიკრძალა.