ახალი ამბები

რუსეთმა “ბორჯომის“ იმპორტიც აკრძალა

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ 4 მაისის წერილის საფუძველზე, რომელიც მისი უწყების რეგიონულ სამმართველოებს დაეგზავნა, მიიღო გადაწყვეტილება ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვის თაობაზე.


“ამ არც ისე ადვილი გადაწყვტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონებსა და განსაკუთრებით მოსკოვში ჩატარებულმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ იმ წყლებს შორის, რომლებიც მომხმარებლებისათვის წარმოდგენილია, როგორც “ბორჯომის“ წყლები, ჩვენ პროცენტულად დიდი შეუსაბამობა აღმოვაჩინეთ ამ წყლების თვისებებთან“, – განაცხადა ონიშენკომ.

მისი მითითებით, 7 მაისიდან შეჩერდება სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური დასკვნების გაცემა “ბორჯომზე” და ასევე დაიწყება სავაჭრო ქსელიდან მისი ამოღება.


რუსეთმა ბორჯომის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ქართული ღვინისა და ღვინომასალების აკრძალვიდან ხუთი კვირის შემდეგ მიიღო.


საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის ცნობით, მინერალური წყლის “ბორჯომის“ 80% საზღვარგარეთ გადის ექსპორტზე, აქედან ნახევარზე მეტი რუსეთში, ხოლო 40% მსოფლიოს სხვა 27 ქვეყანაში.

Back to top button