
ბაღაფშმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების წინადადებები წარადგინა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 4 მაისს დე ფაქტო პარლამენტს – სახალხო კრებას – განსახილველად გაუგზავნა აფხაზური მხარის წინადადებები ქართულ–აფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების შესახებ, იტყობინება “აფსნიპრესი“.
აფხაზური მხარის ამ წინადადებების, რომელსაც „მომავლის გასაღები“ ეწოდება, მიზანს კონფლიქტის საბოლოო პოლიტიკური დარეგულირება და „დაპირისპირებულ სახელმწიფოებს [საქართველოსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს] შორის სრულიად ახალი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება“ წარმოადგენს.
“აფსნიპრესის“ ინფორმაციის, ეს გეგმა ემყარება ნდობის აღდგენის პრინციპებს, “რაც მიიღწევა საომარი რიტორიკის შეწყვეტითა და სამშვიდობო ინიციატივების გამრავლებით, რაც თეორიიდან მოქმედებებზე უნდა გადავიდეს“.
აფხაზური მხარის წინადადებები გათვლილია სამშვიდობო პროცესის ყველა მონაწილის, მათ შორის გაეროს, გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების და ასევე რუსეთის, როგორც შუამავლი მხარის, მხარდაჭერაზე და ატარებს “კონკრეტულ ხასიათს“.
“უპირველეს ყოვლისა წინადადებები გათვლილია ქართული მხარის მიერ მათ მიღებასა და გაგებაზე“, – იუწყება “აფსნიპრესი“.
უახლოეს მომავალში თბილისი ასევე წარადგენს სამშვიდობო გეგმას, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.