ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გუდაუთის ბაზა არ არის დახურული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ კამინინის მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის საკითხის ირგვლივ 2 მაისს გაკეთებულ კომენტარს და მას “მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობა“ უწოდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული დოკუმენტურ მასალაზე დაყრნობით აცხადებს, რომ გუდაუთის ბაზა, რომელსაც რუსეთი დახურულად აცხადებს, განაგრძობს ფუნქციონირებას.


“გუდაუთის ბაზაზე დარჩენილია შეიარაღება, საწყობები, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, ექსპლუატაციაშია ასაფრენი ბილიკი და მუშაობს სამხედრო კომენდატურა, რაც ნიშნავს, რომ ბაზა არ არის დახურული“, – ნათქვამია პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.


თბილისში მიაჩნიათ, რომ დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალებს, რომლებიც მოსკოვის განცხადებით,  გუდაუთის ბაზის ტერიტორიაზე არიან განლაგებულები, ამის არანაირი ლეგალური საფუძველი არ გააჩნიათ.


“საქართველოს მხარემ არაერთხელ მოითხოვა ბაზის დაცლა როგორც დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისაგან, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისაგან“, – აცხადებს საგარეო უწყება.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა გუდაუთის ბაზაზე დაუშვას გერმანელი ინსპექტორები, რასაც მათი განცხადებით, ქართული მხარე ეწინააღმდეგება.


“სინამდვილეს არ შეესაბამება ასევე განცხადება, რომ საქართველოს მხარე ბლოკავს გერმანიის ინიციატივას გუდაუთაში საერთაშორისო მისიის წარგზავნის შესახებ. სამმხრივ ფორმატში (საქარველო, რუსეთი, გერმანია) გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა სწორედ რუსეთის მხარის ხისტი პოზიციის გამო“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.


აგრეთვე, ქართული მხარის განმარტებით, 2002 წლის 15  ივნისს ჩატარებულ ეუთო-ს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი გუდაუთის ბაზაზე არა ბაზის დახურვის საკითხის ფორმალური ან თუნდაც არაფორმალური დაფიქსირება, არამედ შემდგომში ინსპექციების მომზადება იყო. 

Back to top button