ახალი ამბები

საგარეო უწყება გმობს აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების ქმედებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 მაისს აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ–ს ეგიდით განლაგებული რუსი სამშვიდობოები “სძალავდნენ თანხას“ გალის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და თხოვნით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს  სათანადო რეაგირება მოახდინონ რუსეთის “სამშვიდობო ძალების“ უკანონო მოქმედებაზე“.


საგარეო უწყების ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 29-30 აპრილს გალის რაიონში განლაგებული რუსი მშვიდობისმყოფელები, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ატარებდნენ პატრულირებას გალის რაიონის სოფლებში და “ვითომდაც უმოწმებდნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და აგრეთვე ითხოვდნენ ე.წ. “ფორმა №9“ დოკუმენტს,  რომლის შევსებაც, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განკარგულებით, სავალდებულოა ყველა ადგილობრივი მაცხოვრებლისათვის, აფხაზეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად.


„აღნიშნული “დოკუმენტის“ არმქონე პირებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ზუგდიდის მიმართულებით, რუსი “მშვიდობისმყოფელები“ სძალავდნენ თანხას 10 ლარის ოდენობით. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს  რუს “სამშვიდობოთა“ მხრივ ადამიანის უფლებათა მორიგ უხეშ დარღვევას, რამაც სამწუხაროდ, სისტემატური ხასიათი მიიღო“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


რუსულ მხარეს თბილისის ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Back to top button