skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე ახალი კონსორციუმი იზრუნებს

მოსკოვში 3–4 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ქართული, რუსული, სომხური და აფხაზური მხარეები ესწრებოდნენ, გაფორმდა პროტოკოლი შავი ზღვის რკინიგზის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის შესახებ, იუწყება “აფსნიპრესი“ 5 მაისს.

ქართული მხარე ჯერ–ჯერობით არ აკეთებს შეხვედრის ამ კონკრეტულ შედეგზე – კონსორციუმის შექმნაზე –  კომენტარს.  “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მოსკოვში გამართული შეხვედრა მხარეებს შორის სამუშაო ვითარებაში, დადებით ატმოსფეროში წარიმართა.


“ეს პირველი პროტოკოლია, რომელსაც ხელი ყველა მხარემ მოაწერა. აფხაზეთი ამ პროცესში გამოდის, როგორც სრულუფლებიანი მხარე… გადაიდგა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ ვიქნებით ძალიან ფრთხილები, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიწევთ,  ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩვენ მოგვიწევს შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა, ამ მაგისტრალის კონსორციუმისთვის გადაცემის განსაზღვრა… აფხაზეთის მხარის ყველა ქმედება [დე ფაქტო] ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, საზოგადოებასთან იქნება შეთანხმებული“,- იუწყება “აფსნიპრესი“ სარკინიგზო ტრანსპორტის საკითხებში რუსეთში სოხუმის წარმომადგენლის ანდრეი ტურკინის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისივე თქმით, ეს თვითგამოცხადებული აფხაზეთისთვის ფინანსურად მომგებიანი პროექტია.


“აფსნიპრესის“ ცნობით, ყველა მხარემ თანხმობა განაცხადა კონსორციუმის შექმნაზე, რაზეც მსჯელობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში თბილისში გაგრძელდება.

მსგავსი/Related

Back to top button