
გირგვლიანის ოჯახი: დუმილის სანაცვლოდ თანხა შემოგვთავაზეს
დღეს მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებმა რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ გაჩუმების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს შუამავლის მეშვეობით, რომელიც ოჯახის ახლობელია.
“მე შემომთავაზეს ნებისმიერი თანხა, ოღონდ გავჩუმდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით გამაჩუმებენ. ასევე ამიკრძალეს ოპოზიციასთან ყოველგვარი ურთიერთობა. მინდა საჯაროდ ვუპასუხო ამ წინადადებების ავტორებს, რომ ისინი ძლიერ შეცდნენ“, – განაცხადა 2 მაისს სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელების დასასჯელად ბოლომდე იბრძოლებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა დოლიძის განცხადებით, გირგვლიანის ოჯახისათვის შეთვლილი წინადადება მოსალოდნელი იყო, “იმიტომ, რომ ის პირები, ვინც მხილებულნი არიან ამ დანაშაულში ეცდებიან რაიმე ფორმით შეაჩერონ ქალბატონი ირინას აქტიურობა. ეს შეიძლება მოხდეს ან მუქარით ან ამ ტიპის გადაბირების მცდელობით“.
დღესვე თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებად დაკითხავს ირინა ენუქიძეს. “თუკი ის დაგვისახელებს კონკრეტულ პირს შუამავალს ან ნებისმიერ თანამდებობის პირს, ჩვენ ამას მივცემთ სამართლებრივ შეფასებას და ვიქნებით მკაცრები”, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
დღესვე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს და შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაიას, ვასილ სანოძის, გურამ დონაძის და ოლეგ მელნიკოვის პლაკატები გააკრეს, რომლებიც მათი თქმით, მკვლელობის დამკვეთები არიან.
თუმცა დღეს გიორგი ღვინიაშვილმა, რომელმაც საგანგებო პრესკონფერენცია გამართა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქმეში მკვლელობის დამკვეთები არ გამოიკვეთა, თუმცა დასძინა, რომ ახალი გარემოებების გაჩენის შემთხვევაში ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.
პროკურორმა განაცხადა, საქმის მასალებში არის აღიარებითი ჩვენებები და სხვა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გირგვლიანის მკვლელობაში შსს–ს იმ ოთხი ყოფილი თანამშრომლის დანაშაულზე მიუთითებს, რომლებიც 6 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
მისი ინფორმაციით, გამოძიების პროცესში 50–მდე მოწმე დაიკითხა, თუმცა “მზად ვართ კიდევ დავკითხოთ ნებისმიერი პირი, რომელსაც ამ საქმეზე ინფორმაცია გააჩნია”.
ღვინიაშვილის განცხადებით, გამოძიება კანონით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.