
ხაინდრავა “გაუგებარს” უწოდებს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ოქრუაშვილის განცხადებას
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დღეს “გაუგებარი“ უწოდა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
1 მაისს ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “პირველებში“ ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ იგი ახალ 2007 წელს ცხინვალში შეხვდება. “თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი“, – დასძინა ოქრუაშვილმა.
“ვადები ამ [კონფლიქტების] საკითხების გადაწყვეტაში მაინცდამაინც რეალური არ არის… გაუგებარი ვადაა ჩემთვის 1 იანვარი“, – განუცხადა გიორგი ხაინდრავამ 2 მაისს ჟურნალისტებს.
მან მედიის წარმომადგენლებს ურჩია, რომ “ეს ოქრუაშვილმა განაცხადა და ამასთან დაკავშირებით ოქრუაშვილს დაუსვით შეკითხვები. ჩემი სამოქმედო არის სამშვიდობო გეგმა, რომელიც ჩვენვე გვაქვს მიღებული და მე ამ სამშვიდობო გეგმით ვხელმძღვანელობ“.