
კოჯრის სამხედრო ნაწილში ინციდენტი ამოწურულია
2 მაისს ღამით კოჯრის სამხედრო ნაწილიდან დაახლოებით 70-მდე სამხედრო მოსამსახურე გაიქცა, თუმცა ამ დროისთვის სამხედროები უკვე დისლოკაციის ადგილზე არიან დაბრუნებულები
კოჯრის სამხედრო ნაწილში მომხდარი ინციდენტის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს არც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა და არც თავდაცვის უწყება.
ინციდენტის ადგილზე სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ჯარისკაცი ნასვამ მდგომარეობაში აღმოაჩინა და მათი დასჯა გადაწყვიტა, დანარჩენმა ჯარისკაცებმა პროტესტი გაქცევით გამოხატეს.
“უნდა ვთქვა, რომ ნაწილის ხელმძღვანელობის მოთხოვნა და პოზიცია იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და სწორი, რადგან [ალკოჰოლის] დალევა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არის დარღვევა“, – განუცხადა დღეს სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯარისკაცებზე ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.