
ოქრუაშვილი ღვინის პრობლემაზე საუბრობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 24 აპრილს კიევში გაემგზავრება, სადაც ქართული ღვინის ფართომასშტაბიან გამოფენას მოამზადებს.
ოქრუაშვილმა 20 აპრილს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის თოქშოუში “მთავარი თემა“ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება იქნება საქართველოს ხელისუფლების მცდელობა გზა გაუკვალოს ქართულ ღვინოს ახალ ბაზრებზე, რუსეთში მისი იმპორტის აკრძალვის შემდეგ.
12 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება დაავალა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააჩნია, “აქტიურად მუშაობს უცხოური ბაზრების დივერსიფიკაციისთვის… ამას დასჭირდება თვეების, ან წლების მძიმე მუშაობა“.
ოქრუაშვილის თქმით, დაგეგმილია PR კამპანია ლოზუნგით “იყიდეთ საუკეთესო ქართული ღვინოები, რომელიც აკრძალულია რუსეთში“.
მისი თქმით, ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის კიდევ ერთი მიმართულებაა ამ კუთხით.
“ჩვენ ძალიან აქტიური ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ ფალსიფიცირებული პროდუქციის ბაზრიდან განდევნის მიზნით“, – განაცხადა მან.
ოქრუაშვილის განცხადებით, ფალსიფიცირებული ღვინო “საქართველოს შიდა ბაზარზეც არსებობს, მათ შორის რესტორნების ქსელშიც“.
“არსებობს რამდენიმე ქარხანა, რომელიც ფალსიფიცირებულ ღვინოს უშვებს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
“ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ ჩვენს ღვინის მწარმოებლებთან, რათა მათ გააუმჯობესონ თავიანთი მარკეტინგი, ღვინის ხარისხი, დისტრიბუციის ქსელი და ფეხი მოიკიდონ ახალ ბარზებზე, მათ შორის ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში. ქართული ღვინო ყოველთვის იყო მორგებული რუსულ ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ [ღვინის მწარმოებლებს] შეეძლოთ იმ ღვინის ექსპორტი იქ, რაც არასოდეს გაიყიდება, მაგალითად ინგლისში, რადგანაც მაპატიეთ და ფეკალური მასაც რომ გაიტანოთ რუსეთში, იქ ისიც გაიყიდება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე თბილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
“ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რიგი მგრძნობიარე საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოს რუსეთის ხელისუფლებამ [საქართველოს წინააღმდეგ], მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – და არა მგონია, რომ საქართველოს საზოგადოებას დამატებითი ახსნა სჭირდება – ეს არის ჩვენი თავისუფლების ფასი, ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით და ფასი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, უკრაინის მსგავსი ღონისძიები ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც, ასევე პოლონეთსა და ყაზახეთშიც, ხოლო წლის ბოლოს, ან მომდევნო წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ევროპასა და ნიდერლანდებშიც გაიმართება.