ახალი ამბები

ჩოჩიევი რესტიტუციის კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა გააკრიტიკა ქართული მხარის მიერ შემუშავებული რესტიტუციის კანონპროექტი და მას “მორიგი რეკლამა უწოდა“.  თუმცა ჩოჩიევმა არ დააკონკრეტა რა არის მიუღებელი ცხინვალისთვის აღნიშნულ კანონპროექტში. 


“დევნილების პრობლემა კვლავ რჩება მთავარ პრობლემად… ადამიანები მოელოდნენ, რომ საქართველოში მიღებული იქნებოდა რესტიტუციის კანონი. ქმედითი კანონპორექტის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ მორიგ რეკლამას… ეს [კანონპროექტი] დევნილებს არანაირ იმედს არ აძლევს“, – იუწყება შერეული საკონტროლო კომისიის ოსური მხარის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით 20 აპრილს.


აღნიშნული განცხადება ჩოჩიევმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ნავიდ ხუსეინთან  19 აპრილს გამართული შეხვედრის დროს გააკეთა, სადაც აღინიშნა, რომ ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავების გამო დევნილების პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.


“ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და რეაბილიტაციის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც  19 მარტს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა.


რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი 30 მარტს ვლადიკავკაზში გამართულ კონფერნციაზეც განიხილეს, სადაც მონაწილეობა არ მიუღია სამხრეთ ოსურ მხარეს, რადგან ჩოჩიევის განცხადებით, “ფაქტიურად ცდილობენ ჩაგვრთონ დევნილების წინააღმდეგ შედგენილი კანონპროექტის განხილვაში“, რომელიც “ქართულ-ოსური ურთიერთობის დარეგულირების, მხარეებს შორის ნდობის გამტკიცების დაქართული მხარის კეთილი ნების გარეშე არ იმუშავებს“.


ჩოჩიევის ინფორმაციით, რომელიც შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარეცაა, აპრილის ბოლოს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button