ახალი ამბები

პრეზიდენტმა საბაჟოს უფროსს მკაცრად უსაყვედურა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზურაბ ანთელიძის საქმიანობა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც სარფის საბაჟოზე სტუმრობისას იქ არსებული სატვირთო ავტომანქანების რიგი ნახა. საქართველოს პრეზიდენტმა საბაჟოს ხელმძღვანელს სარფში შექმნილი გართულებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთსაათიანი ვადა მისცა.


“როცა საბაჟოზე პრობლემაა, საბაჟოს უფროსი ადგილზე უნდა იყოს. საბაჟო რეჟიმით ხალხი არ უნდა გაწვალდეს. ვინც ამას თავს ვერ გაართმევს, თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება. ზაფხულში ადამიანს გავლაზე პრობლემა არ უნდა შეექმნას, ასეთი რიგები საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში იყო. ჩვენ ნორმალური ევროპული ქვეყანა უნდა ვიყოთ“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საბაჟოს უფროსი ზურაბ ანთელიძე გუშინვე გაემგზავრა სარფში ვითარების გამოსასწორებლად. “ამ დროისათვის სიტუაცია განიმუხტა“, – განუცხადა 20 აპრილს ჟურნალისტებს ანთელიძემ.

Back to top button