ახალი ამბები

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება

საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა განსახილველად, მეწარმეთათვის მნიშვნელოვან ინიციატივებსა და სიახლეებს ითვალისწინებს. კერძოდ, მარტივდება მეწარმეებისთვის რეგისტრაციის პროცედურების და გადასახადის გადახდის წესები, მცირდება თამბაქოზე სააქციზო გადასახადი, ასევე გათვალისწინებულია მთელი რიგი ინიციატივები ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის ენერგოსისტემის მხარდაჭერის მიზნით, იტყობინებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 18 აპრილს.


ცვლილებების თანახმად, 2006 წლის 1 ივლისიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდებათ საქართველოში შეძენილ პროდუქციაზე გადახდილი დღგ-ს თანხა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ინიციატივა ტურიზმის და ექსპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.


ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მიზნით დღგ-სგან თავისუფლდება ელექტროენერგეტიკული სექტორის რეაბილიტაციისთვის მიღებული შეღავათიანი კრედიტით დაფინანსებული საქონლის იმპორტი და სამშენებლო სამუშაოები.


დღგ-სგან ასევე თავისუფლდება ელექტროენერგიის წარმოებისთვის ბუნებრივი აირის იმპორტი და მიწოდება.


ცვლილებების თანახმად, სააქციზო გადასახადი იმპორტირებულ თამბაქოზე მცირდება 90 თეთრიდან 60 თეთრამდე, ხოლო ადგილობრივ თამბაქოზე – 70 თეთრიდან 40 თეთრამდე. 

Back to top button