
რუსეთს იერიში ქართულ მინერალურ წყალზე მიაქვს
რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ მოსკოვის რეგიონში 9 000 ბოთლი ქართული მინერალური წყალი “ნაბეღლავი“ ამოიღო, იტყობინებიან ქართული და რუსული საინფორმაციო სააგენტოები 18 აპრილს.
ამ ქმედებას წინ უძღოდა რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მან დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული და დაბალი ხარისხის “ბორჯომი“ აღმოაჩინა რუსულ ბაზარზე.
მიუხედავად ქართული მინერალური წყლების დაბალი ხარისხის თაობაზე გაკეთებული განცხადებისა, რუსეთის მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ ჯერ არ აკრძალა ამ პროდუქციის იმპორტი თავის ქვეყანაში.
საქართველომ 2005 წელს რუსეთში 94 800 ტონა მინერალური წყლის, მათ შორის “ბორჯომის” და “ნაბეღლავის”, ექსპორტი განახორციელა. პროდუქციის საერთო ღირებულებამ 23,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10 მილიონი აშშ დოლარით აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს.
ქართული მინერალური წყლის “ბორჯომის“ 80% საზღვარგარეთ მიდის ექსპორტზე – ნახევარზე მეტი რუსეთში, ხოლო 40% მსოფლიოს სხვა 27 ქვეყანაში.
რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 27 მარტს მათი პესტიციდებით დაბინძურების მოტივით აკრძალა.