
თბილგაზზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისის გაზის გამანაწილებელ კომპანია “თბილგაზ”–ზე ტენდერი გამოცხადდა, რომლის საწყისი ფასი 12 მლნ 500 ათასი აშშ დოლარია. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 12 მაისია.
ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს კომპანიის გაკოტრების პროცედურები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, 12 მაისს დასრულდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც დასახელდება.
“12 მაისს დასრულდება თბილგაზის გაკოტრების პროცესი და ახალი ინვესტორი შემოვა თბილგაზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თბილგაზში რაც შეიძლება სწრაფად იქნას მოზიდული ინვესტიციები და სწრაფად იქნეს აღდგენილი გაზის მიწოდების ქსელი“, – განაცხადა 14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.
“თბილგაზის“ გაკოტრების მმართველის ილია ბასიშვილის ინფორმაციით, ტენდერის მთავარი პირობებია მუშა-მოსამსახურეების შენარჩუნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ასევე ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია და ასევე მომხმარებლის ბუნებრივი აირით უწყვეტი მომარაგება.
ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში “თბილგაზის“ შესყიდვით ყაზახური კომპანია “კაზტრანსგაზი“ დაინტერესდა, რომელთანაც ეკონომიკის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, სადაც მითითებული იყო, რომ ეს კომპანია თბილგაზის 100%–ს შეისყიდიდა. თუმცა საუბარი არ იყო თუ რა ფასად შეისყიდიდა კომპანია და რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებდა ქსელის რეაბილიტაციისთვის.
“თბილგაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ეკა სარიას ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი შეუსაბამობაში არ მოდის ტენდერის გამოცხადებასთან.
“ქართულმა მხარემ გადაწყვიტა არა პირდაპირი წესით მიეყიდა ერთ რომელიმე კომპანიისთვის, არამედ გამოეცხადებინა ტენდერი.ტენდერის გამოცხადებით შესაძლებელია “თბილგაზის“ უფრო სარფიანად გაყიდვა, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტი ყაზახურ კომპანიას ნამდვილად გააჩნია“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ეკა სარიამ.