ახალი ამბები

ბურჯანაძე სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა არაქართველ მოქალაქეებს ქართული ენა შეასწავლოს.


ბურჯანაძე 14 აპრილს პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. ამ დღეს ქვეყანაში დედაენის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 28 წლის წინ თბილისში საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილემ საქართველოში რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ საბჭოთა ხელისუფლების შემოთავაზება გააპროტესტა. ამ გამოსვლების შედეგად ეს შემოთავაზება ძალაში ვერ შევიდა.


ნინო ბურჯანაძის თქმით, ქართული ენა უნდა გახდეს გაერთიანების და არა გამიჯვნის ფაქტორი.


“ჩვენ ასევე პატივი უნდა ვცეთ აფხაზურ და ოსურ ენებს, ასევე სხვა ენებს, რომლებზეც საქართველოში საუბრობენ… აფხაზურ ენას სპეციალური სტატუსი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა გარკვეულ დონეზე მაინც შევისწავლოთ აფხაზური ენა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქართულთან ერთად აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე.


“იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით საერთო ენის და საერთო ღირებულებების გარშემო“, – დასძინა ბურჯანაძემ. 


 

Back to top button